Friday, April 3, 2009

კოლხური თეთრი





საქართველო, კერძოდ კი კოლხეთი, სამონეტო საქმის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. ფულის მიმოქცევა და ვერცხლის მონეტების მოჭრა აქ ძვ. წ. VI-V საუკუნეებში იწყება. ეს უძველესი სამონეტო ჯგუფი სამეცნიერო ლიტერატურაში „კოლხური თეთრის“ სახელითაა ცნობილი. მონეტების მაღალმხატვრული დონე ტოლს არ უდებს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს. სტილისტურ-ტექნიკური თვალსაზრისით კი შეინიშნება მათი განსაკუთრებული მსგავსება ძვ. წ. VI საუკუნის შუა ხანების მილეტურ მონეტებთან, რადგან კოლხური ფული ქალაქ ფაზისში (ფოთი) – მილეტელთა ახალშენში იჭრებოდა.
კოლხური თეთრის აბსოლუტური უმრავლესობა აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოში: ჩრდილოეთით ქ. სოხუმიდან, სამხრეთით – მდინარე ჭოროხის შესართავამდე, და შავი ზღვის სანაპიროდან ლიხის ქედამდე. კოლხური თეთრი მცირე მასშტაბით საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიოდა.არსებობს კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი:

ტეტრადრაქმა, რომლის წონაა 13 გ. მის შუბლზე გამოსახულია მარცხნივ მიმართული ლომის თავი, ზურგზე ფრთოსანი რაშის პროტომა;
დიდრაქმა:
I ტიპი. შუბლზე — მარჯვნივ და მარცხნივ მიმართული მწოლიარე ლომი; ზურგზე — მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა
.
II ტიპი.შუბლზე ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე — ერთმანეთის საპირისპიროდმიმართული ადამიანის ისეთივე თავები, როგორიც მინეტის შუბლზეა.

III ტიპი. შუბლზე — ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი 2 ხარი. კოლხური დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.;

დრაქმა: შუბლზე მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. 5,52 გ

ნახევარდრაქმები:
I ტიპი. შუბლზე - ლომის თავის პროფილი მარჯვნივ; ზურგზე — მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა. საშუალო წონა — 2,17 გ.
II ტიპი. შუბლზე მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული ადამიანის თავი, ზურგზე მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. წონა 1,2-2,6 გ. ამ ტიპის მონეტების ზოგიერთ ცალზე ამოტვიფრულია ბერძნული ასოები.


No comments:

Post a Comment